იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
15 ოქტომბერს თესაუში სამეცნიერო ფესტივალი-2025 გაიმართება. დასაწყისი 13 საათზე.                         

1) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი _ პროფესორი ნინო კოჭლოშვილი

 

დავით თურდოსპირელის თხზულებათა მეცნიერულ-მასობრივი გამოცემა

პროექტის ფარგლებში ჩვენი კვლევის მიზანია დავით თურდოსპირელის თხზულებების მეცნიერულ-მასობრივი გამოცემა.

აღნიშნული ტიპის გამოცემა მკითხველს სრულ წარმოდგენას მისცემს დავით თურდოსპირელის ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე იმდენად, რამდენადაც გამოცემაში გათვალისწინებული იქნება რჩეული ნაწერები როგორც მხატვრული ნაწარმოებებიდან, ისე კრიტიკული და პუბლიცისტური წერილებიდან.

ვფიქრობთ, საკვლევი პრობლემა  საინტერესო და აქტუალურია, რადგან ხელს შეუწყობს დავით თურდოსპირელის შემოქმედების შესახებ ცალკეული საკითხების უფრო სრულფასოვნად  წარმოჩენა-შესწავლისა და დღემდე ჯერ კიდევ შეუსწავლელი, სრულიად ახალი მრავალი ნიშანდობლიობის გამოვლენა-დასაბუთებას. 

ჩვენი  ამოცანაა მოვიპოვოთ რაც შეიძლება მეტი და ამომწურავი ინფორმაცია დავით თურდოსპირელის შემოქმედებასთან დაკავშირებით, საფუძვლიანად  შევისწავლოთ დავით თურდოსპირელის შემოქმედებითი ლაბორატორია, შევაფასოთ მწერლის ლიტერატურული ნაღვაწი, ვაჩვენოთ მისი როლი მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში, წარმოვაჩინოთ  დავით თურდოსპირელის შემოქმედების ღირსებები და დღესაც აქტუალური მხარეები.

დავით თურდოსპირელის ლიტერატურული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი დღემდე გამოუქვეყნებელია, მიუხედავად იმისა, რომ მწერალის სიცოცხლეში მისი შემოქმედების ნიმუშები ხშირად ქვეყნებდა პერიოდული პრესის ფურცლებზე და მცირე მასობრივი კრებულების სახითაც არაერთხელ გამოიცა. მწერლის გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები თემატურად და ჟანრობრივად  მრავალფეროვანია, აღნიშნული მასალა ხელნაწერების სახითაა დაცული გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში, ხელნაწერების უმრავლესობა ავტოგრაფია.

საყოველთაოდ ცნობილია ავტოგრაფების უმნიშვნელოვანესი როლი გამოსაცემი ტექსტის სწორად შერჩევაში, სწორედ ავტოგრაფებს შეჰყავს მკვლევარი მწერლის შემოქმედებით ლაბორატორიაში და აძლევს საშუალებას გააცნოს ავტორის ნების გამომხატველი შემოქმედება.

ვფიქრობთ, პროექტი კახეთის რეგიონისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, დავით თურდოსპირელის თხზულებათა მეცნიერულ-მასობრივ  გამოცემას ექნება დიდი  პრაქტიკული მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს არა მარტო დავით თურდოსპირელი მწერლური ნაღვაწის პოლულარიზაციას, არამედ მწერლის ლიტერატურული მემკვიდრეობის სამეცნიერო მიმოქცევაში შეტანას.

 -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.