14 ივნისს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, „იდეატორთა  კლუბის“ პროექტების შეჯამება და დაჯილდოება გაიმართა.
,,იდეატორთა კლუბი“ მოიცავს კლასგარეშე აქტივობებს, რომლებიც ხორციელდება სკოლების ბაზაზე, დაწყებითი საფეხურის მე-4-მე-6 კლასის მოსწავლეებთან და  მიმართულია მოსწავლეთათვის  კრიტიკული აზროვნების,    ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის და პრობლემების კრეატიულად გადაწყვეტის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებაზე.  კლუბის მუშაობის ძირითადი ფორმატი არის გუნდური პროექტების განხორციელება: სტუდენტების მხარდაჭერით მოსწავლეები ერთად შეარჩევენ სხვადასხვა საკითხებს, პრობლემებს და აქტიური ურთიერთთანამშრომლობით ეძიებენ მათი გადაჭრის გზებს.   
კახეთის რეგიონში USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში აღნიშნული აქტივობების განხორციელების   მიზნით შეირჩა თელავის 1, მე-4, მე-5 და მე-7 და გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლები. აქტივობები ხორციელდებოდა  2021 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით.  პროცესს ხელმძღვანელობდნენ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 10 სტუდენტი, ხოლო კოორდინირებას უწევდნენ USAID საბაზისო განათლების პროგრამის  თესაუს გუნდის 5 ტრენერი.  
შეჯამება-დაჯილდოების პროცესს ესწრებოდნენ კახეთის რეგიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, საჯარო სკოლების დირექტორები, მოსწავლეები,  თესაუს წარმომადგენლები, USAID საბაზისო განათლების პროგრამის  თესაუს გუნდის  წევრები. 
მოსწავლეების მიერ  წარმოდგენილი ყველა ნაშრომი იყო საინტერესო, თემატიკა კი, მრავალფეროვანი: „გაიცანი ჩემი ქალაქის ისტორია - იმოგზაურე თელავში“, ,,ტექნოლოგიების გამოყენება“,  ,,მარტო ტყეში“, ,,დავეხმაროთ დედამიწას და დავიცვათ ბუნება“, ,,თიხის  დამუშავების ტრადიცია და თანამედროვეობა“. ჟიურიმ გამოავლინა მათგან გამორჩული - ყველაზე კრეატიული და საინტერესო. გამარჯვება წილად ხვდა სსიპ-გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის #4 საჯარო სკოლის გუნდს წარმოდგენილი პროექტით: ,,მარტო ტყეში“. ტრენერი: ირმა იაკობიშვილი, სტუდენტები: ნონა სონღულაშვილი, ნინო ქიტესაშვილი,  სკოლის დირექტორი: ნინო ნონეშვილი.       
იდეატორთა კლუბის ყველა მონაწილე მოსწავლეს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და  სერტიფიკატები.  
















