იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს სახელოვნებო დასის "პარნასის" განცხადება

ძვირფასო სტუდენტებო, თუ გსურთ, თქვენი ნიჭი, შემოქმედებითი შესაძლებლობები და იდეები ფართო აუდიტორიას გაუზიაროთ, თუ გსურთ, სტუდენტური წლები ხელოვნებით, ხალისითა და სიცოცხლის შთაგონებით გაამდიდროთ, მობრძანდით „თესაუს პარნასში“.

სტუდენტობა ის დროა, როდესაც ხალისითა და სიცოცხლის ჟინით უნდა შემოუერთდეთ ამ პროცესს. სტუდენტური წლები ხომ სწრაფად გადის და სწორედ დღეს მიღებული გამოცდილება გახდება თქვენი მომავალი წარმატებების საფუძველი.

სწორედ ამ გარემოში იბადება მეგობრობა, მყარდება ღირებულებები, იხვეწება მეტყველება, ყალიბდება პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური თანამშრომლობის კულტურა და, რაც მთავარია, კიდევ უფრო ღრმავდება სიყვარული ქართული სიტყვის, საქართველოს ისტორიისა და ეროვნული ფასეულობების მიმართ.

სწორედ ეს არის ეროვნული კულტურის, ისტორიისა და ლიტერატურის ღრმა შეცნობის, ესთეტიკური გემოვნების, პიროვნების ზრდის, ლიდერული და საკომუნიკაციო უნარების განვითარების საუკეთესო გზა.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალფეროვან სასწავლო-სამეცნიერო და კულტურულ ღონისძიებებთან ერთად წარმატებით ხორციელდება პროექტი - „სახელოვანი მამულიშვილების უკვდავყოფა“, რომლის ფარგლებშიც იდგმება ლიტერატურულ-დრამატული კომპოზიციები.

სტუდენტები წარმოდგენებს მართავენ, როგორც უნივერსიტეტის სცენაზე, ისე სხვადასხვა ღონისძიებასა და ფესტივალზე.

თესაუს სახელოვნებო დასი - „თესაუს პარნასი“ - გულითადად იწვევს შემოქმედ, მოტივირებულსა და აქტიურ სტუდენტებს, რათა წარმოაჩინონ საკუთარი ნიჭი, გაამდიდრონ სტუდენტური წლები საინტერესო, შინაარსიანი და დაუვიწყარი გამოცდილებებით.

„თესაუს პარნასი“ - ადგილი, სადაც ნიჭი პოულობს ფართო გზას, მეგობრობა - ძალას, ხოლო შემოქმედება - უკვდავებას.

„თესაუს პარნასი“ - ადგილი, სადაც ახალგაზრდებში ღვივდება ეროვნული კულტურის, პასუხისმგებლობისა და შემოქმედებითი თავისუფლების სიყვარული.

შემოგვიერთდით და ერთად გავაცოცხლოთ ქართული სიტყვა. შევინარჩუნოთ ეროვნული მეხსიერება, გავუფრთხილდეთ ჩვენი სახელოვანი მამულიშვილების უკვდავ მემკვიდრეობას, ღირსეულად წარმოვაჩინოთ უნივერსიტეტი!

ჩვენი მისამართია: უნივერსიტეტის I კორპუსი; I სართული; N111; T: 599011105

 

 
მნახველთა რაოდენობა: 37
 
 
 
 

    2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.