იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევითი პროექტი "საზოგადოება გარდაქმნის ეპოქაში: თანამედროვე საქართველოს სოციალური სტრუქტურა" განიხილეს.
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების ფარგლებში, უნივერსიტეტის წარმომადგენლებს პროექტი მკვლევრებმა, პროფესორებმა ბაქარ ბერეკაშვილმა და ალექსანდრე ცაგარელმა წარუდგინეს.
ალექსანდრე ცაგარელმა თანამედროვე საქართველოსათვის სოციალური სტრატიფიკაციის მნიშვნელობაზე, კვლევის ამბიციურ მიზანსა და მისი განხორციელების გზებზე ისაუბრა.
ბაქარ ბერეკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას კვლევის ის ნაწილი გააცნო, რომელიც საქართველოს სოციალური სტრატიფიკაციის შესახებ საბჭოთა დროინდელი ცოდნის მოძიებასა და გააზრებას გულისხმობს.
შეხედრაზე კვლევით მეთოდოლოგიასა და კვლევის საკითხებზე დეტალური დისკუსია გაიმართა.
მონაწილეებმა კვლევითი საკითხების დაზუსტების, ახალი სოციალური ინდიკატორების და კვლევითი ამოცანების დასახვის შესახებ, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
პრეზენტაციაზე ისაუბრეს უნივერსიტეტების და რუსთაველის ფონდის თანამშრომლობის პრაქტიკაზეც. ასევე შედგა შეთანხმება სამომავლო აქტიური თანამშრომლობისა და საჯარო შეხვედრების თაობაზე.