თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს საფრანგეთის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესტუმრნენ.
INRAE , SUB Agros Montpellier-ის, ბორდოს, დიჟონის უნივერსიტეტის პროფესორები და მკვლევრები, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, შალვა ჭკადუას შეხვდნენ.
მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერების გზები და დაგეგმეს ერთობლივი კვლევითი საქმიანობები, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები, ისაუბრეს საერთაშორისო გრანტების ფარგლებში პროექტების განხორციელების საკითხებზე.
ფრანგმა სტუმრებმა წარადგინეს პრეზენტაციები თავიანთი კვლევების შესახებ, როგორც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის, ასევე კახეთის რეგიონის ღვინის საწარმოების წარმომადგენლებისათვის.
მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სავენახე მეურნეობის, ეკოლოგიური მეურნეობისა და ინოვაციური აგროტექნოლოგიების მიმართულებებს.
ფრანგი სტუმრები, მათ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევების პრაქტიკულ შედეგების მიხედვით დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინოების დეგუსტაციას დაესწრნენ.
ფრანგული დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ლაბორატორიები, მათ შორის სასწავლო-საგამოცდო ბაზა და უნივერსიტეტის ღვინის საწარმო, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ სტუდენტთა პრაქტიკული სწავლების პროცესს.