თესაუს წარმომადგენლებმა, პროექტ “ETHICS’-ის ფარგლებში მომზადებული სტატიები საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინეს.
2024 წლის 8 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც განათლებაში ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას მიეძღვნა.
თესაუს პროფესორებმა ნინო კახაშვილმა და სალომე თათულიშვილმა წარადგინეს ერთობლივი მოხსენება თემაზე: „აკადემიური პერსონალის დამოკიდებულება კვლევის ეთიკის პრინციპებისადმი — თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე“, მოწვეულმა დოქტორმა სოფიო არსენიშვილმა კი გააკეთა მოხსენება თემაზე: „აკადემიური კეთილსინდისიერება ჯგუფური მუშაობის პროცესში“.
კონფერენციის ძირითადი თემები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტის გენერაციული ინსტრუმენტების გამოყენების ეთიკური ჩარჩო, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპები სწავლებისა და სწავლების პროცესში, ასევე, უმაღლესი განათლების სისტემაში.
მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა დისტანციურად დასწრებოდნენ აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელის პანელურ დისკუსიას თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი უმაღლეს განათლებაში“.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის გამოცდილების გაზიარების პლატფორმის შექმნა და კონკრეტული შემთხვევების ანალიზის საშუალებით ეფექტიანი სტრატეგიების გამომუშავება თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ.
ღონისძიება ტარდება ყოველწლიურად Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის — „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (INTEGRITY) — ფარგლებში.
მიმდინარე წელს კონფერენციის ფოკუსი კვლევის ეთიკის მიმართულებით გაძლიერდა პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (ETHICS) ფარგლებში.