თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „ბრძოლა ბუნებრივ საფრთხეებთან მშვიდობიან კავკასიაში“ (WAGER) ფარგლებში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ჩატარდა.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას იღებდნენ იტალიის ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტები.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება კავკასიისათვის ერთ-ერთ ყველაზე საშიში საფრთხის მეწყერის შესწავლა.
მეწყრული პროცესების ბუნება კავკასიასა და ალპებში გარკვეულად მსგავსია.
პროექტის მიზანია ალპებში ბოლო წლებში მეწყრული პროცესების კვლევასა და მონიტორგის სფეროში შემუშავებული მეთოდებისა და ტექნოლოგიების ათვისება და დანერგვა საქართველოში.
ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა ამ მიმართულებით.
საზაფხულო სკოლის პირველ დღეს პრეზენტაციებით ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და დოქტორანტები წარსდგნენ.
საზაფხულო სკოლის მეორე და მესამე დღეს განხორციელდა წინასწარ შერჩეული ახმეტის მუნიციპალიტეტის ქისტაურის მეწყრული საკვლევი ტერიტორიის დეტალური კვლევა თანამედროვე აერო და დისტანციური ზონდირების მეთოდების გამოყენებით.
თესაუ-ს კომპიუტერულ ცენტრში პროგრამული მაკეტების გამოყენებით, მოეწყო პროცესის მოდელირება, უახლესი მეწყერული საფრთხისა და რისკის ელემენტების შეფასება.
საზაფხულო სკოლის დასასრულს, მონაწილეები გაეცნენ მიღებული კვლევის შედეგებს და შეაჯამეს საზაფხულო სკოლის მუშაობა.
პროექტის „ბრძოლა ბუნებრივ საფრთხეებთან მშვიდობიან კავკასიაში“ (WAGER), დონორია NATO-ს პროგრამა - მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის (NATO SPS). პროექტის ხანგრძლივობაა 2024 – 2027 წლები.
პროექტში ჩართული სტუდენტებისთვის სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად გათვალისწინებულია სტიპენდია.