2026 წლის 5–7 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების (CBHE) პროექტის PROVE – „ღირებულებითი განათლების პოპულარიზაცია სამხრეთ კავკასიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (№101178922) ფარგლებში ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი „ცოდნა და ღირებულებითი განათლება“, რომელიც მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური პედაგოგიური მიდგომების დანერგვას ისახავდა მიზნად.
ტრენინგის მთავარი თემა იყო VaKE (Values and Knowledge Education) - ღირებულებებსა და ცოდნაზე დაფუძნებული სწავლების მიდგომა, რომელიც აერთიანებს ცოდნის კონსტრუირებას, ღირებულებითი დილემების გააზრებას, კრიტიკულ აზროვნებასა და არგუმენტირებულ მსჯელობას.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ VaKE მიდგომის თეორიულ საფუძვლებს, მის ძირითად პრინციპებსა და სასწავლო პროცესში გამოყენების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ღირებულებითი დილემების შექმნისა და განხილვის მეთოდოლოგიას, მოსწავლეთა შორის დისკუსიის წარმართვის სტრატეგიებსა და ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას.
ტრენინგი ინტერაქციული ფორმატით წარიმართა. მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ შეიძლება VaKE მიდგომის ინტეგრირება სხვადასხვა სასკოლო საგნის სწავლების პროცესში.
ტრენინგი სამდღიან ფორმატში განხორციელდა: პირველი შეხვედრა 5 ნოემბერს ონლაინ გაიმართა, ხოლო 6 და 7 ნოემბერს მონაწილეები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირისპირ სამუშაო შეხვედრებში ჩაერთნენ.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობა აღნიშნულ პროექტში ხელს უწყობს თანამედროვე პედაგოგიური მიდგომების გავრცელებას და ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ცოდნის შეძენა მჭიდროდ უკავშირდება ღირებულებების გააზრებას, კრიტიკულ აზროვნებასა და პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილებების მიღებას.









