2026 წლის 3-6 მაისს, ჩეხეთის რესპუბლიკაში, მენდელის უნივერსიტეტში (Mendel University in Brno) Erasmus+ პროექტის „GastroTour“ ფარგლებში მესამე სამუშაო პაკეტის (WP3) შესაძლებლობების განვითარების ვორქშოფი ჩატარდა. პროექტის კოორდინატორია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც აქტიურად ხელმძღვანელობს პროექტის განხორციელებისა და საერთაშორისო პარტნიორობის პროცესს.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები. პროგრამა მოიცავდა როგორც აკადემიურ, ისე პრაქტიკულ სესიებს, რომლებიც გასტრონომიული ტურიზმის სფეროში თანამედროვე სწავლების მეთოდებს, სასწავლო პაკეტების განვითარებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას შეეხებოდა.
ვორქშოფის ფარგლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა თამარ ასლანიშვილმა წარადგინა რამდენიმე მნიშვნელოვანი სესია, მათ შორის სასწავლო პაკეტების მიმდინარე მდგომარეობა, პროექტის სამომავლო აქტივობების დაგეგმვა და პროექტის პროგრესის ანგარიში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის მართვისა და მენეჯმენტის საკითხებს, რომლებიც პარტნიორებმა ერთობლივად განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში შეფასდა მიმდინარე საქმიანობები, დაიგეგმა მომდევნო ეტაპები და განისაზღვრა პარტნიორებს შორის კოორდინაციის მექანიზმები.
ღონისძიების პროგრამა ასევე მოიცავდა სხვადასხვა თემატურ ვორქშოფს, მრგვალ მაგიდას, საგანმანათლებლო ტურებსა და პრაქტიკულ აქტივობებს, რომლებიც გასტრონომიული ტურიზმის სფეროში უნარების განვითარებასა და ინოვაციების ხელშეწყობას ემსახურებოდა. მონაწილეებმა მოინახულეს სამხრეთ მორავიის ღვინის ტურისტული მარშრუტები, UNESCO-ს მემკვიდრეობის ძეგლები და ჩეხური ღვინის სალონი, სადაც გაეცნენ ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ინტეგრირებულ მოდელებს.
შეხვედრა მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა პარტნიორი ინსტიტუციებისთვის გამოცდილების გაზიარებისა და გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.






